18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
არ ვნანობ ჩადენილ საქციელს - ბექა წიქარიშვილი 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა. მას 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სამოქალაქო მოძრაობის წევრი მას შემდეგ დააკავეს, რაც საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ბექა წიქარიშვილისა და მისი მეგობრების პროტესტი.

ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას აგური ესროლა და კარი დააზიანა. ბექა წიქარიშვილის თქმით, ის არ ნანობს ჩადენილ საქციელს.

„ეს 14 დღე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანში და სხვა ციხეებში იხდიან უდანაშაულო პატიმრები, ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებული პირები, რაც მიუსაჯეს, მათ შორის, გიორგი გიორგანაშვილს, რამაც განაპირობა ჩემი პატიმრობა შემდგომში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვნანობ ამ საქციელს, საერთოდ, რაც ჩავიდინე. მე მგონია, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა, იმ კანონებით, როგორც ის სჯის, იმსახურებს რეალურად, მსგავს ქმედებებს,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრის, დავით სუბელიანის, თქმით, ბექა წიქარიშვილი სასამართლოს არასამართლიან გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. 

"ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი პრო კვირა იჯდა ციხეში იმიტომ, რომ სწორედ #არაჩადებას აპროტესტებდა, აპროტესტებდა იმას, რომ გიორგი გიორგანაშვილი, რომელსაც პოლიციამ ჩაუდო, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია საქმეში, სასამართლომ მაინც დატოვა 8 წლით პატიმრობაში," - განაცხადა სუბელიანმა.

EMC-ის იურისტის, გურამ იმნაძის, თქმით, პრობლემურ ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლას გააგრძელებენ.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები