ფოთში სამი წლის წინ საზეიმოდ გახსნილ სახელმწიფო თეატრში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევა ღამით მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა, ამიტომ ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შენობას რომ პრობლემები ჰქონდა, თეატრის დირექტორმა ყველა სახელმწიფო უწყებას აცნობა, თუმცა რეაბილიტაცია მაინც არ მოხდა.
მსახიობებს თეატრის შენობაში შესვლის უკვე ეშინიათ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2014 წელს გახსნილ შენობას პრობლემები შეექმნა, მანამდე თეატრში ლიფტი ჩამოვარდა და ერთი ადამიანი დაშავდა. სცენის დაშავებული მემანქანე, 54 წლის ვასილ ჭითანავა, ამ დრომდე ეტლით გადაადგილდება.
ის, რომ შენობა ავარიული იყო, თეატრის გახსნიდან მალევე გამოჩნდა. მერის მოადგილე კი მხოლოდ ახლა აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროსთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებას აპირებენ.
გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ 2014 წელს გაიხსნა. შენობა 9 წლის განმავლობაში შენდებოდა. გახსნაზე ჩასულ პრემიერ ღარიბაშვილს ფოთის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, ეკა ბესელია, მასპინძლობდა,
გახსნიდან მალევე თეატრის თანამშრომლები, ნაჩქარევად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობდნენ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე