ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული ხიდი 5 სოფლის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
უკვე რამდენიმე თვეა, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ ხიდზე განსაკუთრებული სიფრთხილით სკოლის მოსწავლეები გადადიან და ხშირად მხოლოდ მშობლების თანხლებით. მოსახლეობა ხელისუფლებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე უშედეგოდ ელის.
ამორტიზებული ხიდი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს სკოლის გარდა, საძოვრებთან და ყანებთან აკავშირებდა. ადგილობრივებს ნაკვეთებამდე მისასვლელად ან საქონლის საძოვრებამდე გადასარეკად შემოვლითი გზით სარგებლობა და დამატებით 10 კილომეტრის გავლა უწევთ.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სოფელ წყავროკაში მდებარე სხვა ხიდის გამაგრება მიმდინარეობს, სადაც ყოფილი პრემიერის 500-ტონიანმა ევკალიპტმა შეკვეთილამდე მისასვლელად უნდა გაიაროს.
წყავროკას მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ სანამ მთავრობა მათი წყალწაღებული ხიდის შეკეთებას გადაწყვეტს, ყოფილი პრემიერი ამ ხიდის სიახლოვეს არსებული ხეებითაც დაინტერესდება და სახიფათო გზასაც შეუკეთებენ.
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის 500-ტონიანმა ხემ უნდა გადაიაროს, კერძო კომპანია არემონტებს. ასევე, აღნიშნავენ, რომ დანგრეული ხიდის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდება.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე