პაატა ბურჭულაძე გამომძიებლებთან შესახვედრად ემზადება. საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" საქმეზე მომღერალი 9 თებერვალს უნდა დაკითხონ. ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მის პოლიტიკურ ამბიციებსა და არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.
ვინ არ აპატია მსოფლიო ბანს არჩევნებში მონაწილეობა, ამ კითხვას პაატა ბურჭულაძემ შესაძლოა 10 თებერვალს უპასუხოს, მას შემდეგ, რაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ის გამოძიებას ჩვენებას მისცემს. მსოფლიო ბანი მედიასთან საჯარო შეხვედრას სწორედ დაკითხვის მომდევნო დღეს გეგმავს.
მსოფლიო ბანთან კითხვები გამომძიებლებს რამდენიმე მილიონი ლარის მითვისების საქმეზე აქვთ. საუბარია ბურჭულაძის საქველმოქმედო საქმიანობასა და ფონდ "იავნანაზე". მთავარი საგამოძიებო უწყება ადგენს, ხდებოდა თუ არა შემოწირულობების არამიზნობრივი ხარჯვა და თანხების შესაძლო მითვისება.
სისხლის სამართლის საქმე, ფონდის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მეექვსე თვეა მიმდინარეობს. გამოძიებამ ყველა დაკითხა, ფონდის დამფუძნებლის გარდა.