18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ხმაური სამგორის გამგეობაში - ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები გამგეობისგან ქირის გადახდის შეწყვეტას აპროტესტებენ

ხმაური სამგორის გამგეობაში - მოქალაქეები დილიდან გამგებლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. გამგეობამ ვარკეთილის მეშვიდე კვარტლის მე-10 ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 22 ოჯახს ქირის გადახდა შეუწყვიტა.

სამგორის გამგეობასთან შეკრებილმა მოსახლეობამ გამგებლის კაბინეტში შესვლა ძალისმიერი მეთოდით სცადეს, რადგან მასთან შესვლის უფლებას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ.

თუმცა, მოგვიანებით მათ მოახერხეს შესვლა და ამ წუთებში სამგორის რაიონის გამგეობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება გამგებელს, ინვესტორს, ოპოზიციასა და შეკრებილ მოსახლეობას შორის.

ისინი ყვებიან, რომ ქირას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ბოლო 13 წლის განმავლობაში უხდიდა, რადგან მათი კორპუსი ავარიულია და ამ დორის განმავლობაში მერიამ ინვესტორი კომპანიის მოძიება ვერ მოახერხა.

ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც თავად მოიძიეს კომპანია, რომელიც ახალ კორპუსს ააშენებდა, გამგეობამ მათ ქირის გადახდა შეუწყვიტა.

შეკრებილები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ქირის გადახდის საშუალება და თუ გამგეობა ამ თანხებს არ დაფარავს, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან.

გამგეობაში ასევე მივიდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ოჯახები კონკრეტული ბიზნეს ინტერესების გამო იჩაგრებიან.

„ავარიული კორპუსი იყო, გამოიყვანა თავად მერიამ, ამ ხალხმა თავად მოიძია ინვესტორი, მერია ვალდებული იყო, გადაეხადა ქირა. მაგრამ როცა ნახა, რომ ეს მიწა, შეიძლება, სასარგებლო იყოს ბიზნესისთვის, დიდი ალბათობით, არის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან დარახველიძის ბიზნეს ინტერესები და ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს ხელი შეუწყონ, ყველაფერს აკეთებენ იმისთის, რომ ინვესტორი გააგდონ აქედან,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები