სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ბრალდებებს პასუხობს. მაკა გვარამიას განცხადებით, სიცრუეა თითქოს სასწრაფო დახმარების ცენტრი გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა კი სწორედ ამ კლინიკებში ხდება.
აუდიტის დასკვნა, რომელიც მათ არგუმენტად მოჰყავთ 2014-2015 წლის მდგომარეობას ასახავს. სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ჰოსპიტალიზაციის გეგმა წარადგინა, სადაც გარკვეული კლინიკების პრიორიტეტული მდგომარეობა ჩანს, თუმცა მისი თქმით, დღეს ეს მიდგომა შეცვლილია და მათ თანაბარ პირობებში უწევთ მუშაობა.
მაკა გვარამია სასწრაფო დახმარების ცენტრის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და გარკვეული პირების ინტერესებს უკავშირებს.
„ცალსახად მინდა ვთქვა და ავღნიშნო, რომ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. მათ არგუმენტად მოყავთ მხოლოდ ერთადერთი რამ, აუდიტის დასკვნა. აქვე მინდა ავღნიშნო, ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ ეს არის 2014-15 წლების აუდიტის დასკვნა. კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, რომ თითქოს და ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა. ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი. ანუ კლინიკების რაოდენობამ კლასტერებში იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემოც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახორციელებს პაციენტების გაყვანას კლინიკებში, კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიების და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით. არსებობს კერძო დაზღვევაში მყოფი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, შესაბამისად, ამ პაციენტებს გააჩნიათ მოთხოვნა, რომ ისინი იყვნენ გადაყვანილი კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკებში,“ - განაცხადა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ.