18 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
აფეთქება კომპანია „ელიზის“ თამბაქოს საწყობში - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

კომპანია „ელიზის“ გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. 41 წლის ბესიკ ჯგუშია ზუგდიდში 9 თვის წინ დგებუაძის ქუჩაზე კომპანია „ელიზის“ თამბაქოს საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

შსს-ის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია და დასკვნის მიხედვით, აფეთქება გავრცელებულია შიგნიდან გარეთა მიმართულებით. თუმცა, ამავე დასკვნაში წერია, რომ არც ტერიტორიის შიგნით და არც დანგრეულ შენობაში ბუნებრივი აირის გაყვანილობა არ შეინიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გაზის მილი ტერიტორიის გარეთ ჟონავდა და შეაღწია საკანალიზაციო მილში, რომელიც „ელიზის“ საწყობში შედიოდა.

შსს-ს ექსპერტიზის შედეგები კომპანია „ელიზის“ წარმომადგენლებსაც არ მიაჩნიათ სარწმუნოდ.

ყოფილი პარლამენტარი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი, თენგიზ ჯგუშია პირველი დღიდანვე დარწმუნებულია, რომ საწყობში მომხდარი აფეთქება უბედური შემთხვევა არ ყოფილა.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, რამდენიმე წლის წინ ბესიკ ჯგუშიასთან ერთად კონტრაბანდულ სქემებს ასაჯაროებდა, რის გამოც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანია „ელიზის“ ხელმძღვანელობას მისი გაჩუმება ან გათავისუფლება მოსთხოვეს.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, 2014 წელს კომპანია „ელიზი“ დატოვა, რის შემდეგად მისი ადგილი ბესიკ ჯგუშიამ დაიკავა თუმცა, ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ ბესიკ ჯგუშია მას კონტრაბანდული სქემების გამოაშკარავებაში ბოლო დრომდე ეხმარებოდა.

ბესიკ ჯგუშია ამტკიცებს, რომ სამეგრელოში ბოლო დროს გაძლიერდა თამბაქოს კონტრაბანდა, რასაც ხელს ადგილობრივი ხელისუფლება, კერძოდ კი გუბერნატორი ლევან შონია უწყობს.

ჯგუშიას ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიება ჭიანურდება და სიმართლის დასადგენად ექსკუმაციისთვისაც მზაობას გამოხატავენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები