18 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ჯგუფური ცემა და ქვებით ჩაქოლვა თბილისში - სასტიკი დანაშაული ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე

ელვერ გარაბაღლი მეზობლებს ცემასა და ჩაქოლვაში ადანაშაულებს. თბილისში, მეზობლებს შორის გაჩენილი კონფლიქტი, თავდასხმაში გადაიზარდა. გარაბაღლის თქმით, მისი 72 წლის მამა ცემითა და ჩაქოლვით მოკლეს. 

გარაბაღლი ამბობს, რომ ისინი, ვინც მისი 72 წლის მამა ცემით მოკლა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ახლა კი მის ოჯაზე მუქარა თითქმის ყოველდღიურად გრძელდება. 

ელვერ გარაბაღლის თქმით, მეზობლებმა სცემეს მისი შვილი, დედა და მამა, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ელვერ გარაბაღლის ოჯახზე ფიზიკურ თავდასხმას, თითქმის მთელი ეზო შეესწრო. მეზობლების ნაწილი აშველებდა, ნაწილი კი მათზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას ესწრებოდა, თუმცა დღეს საქმეში არც ერთი მეზობლის ჩვენება არ დევს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იმ დღეს, როდესაც გარაბაღლის ოჯახს უსწორდებოდნენ, არაფერი დაუნახავთ.

ოჯახი ამბობს, მათ მოწმეებზე იმოქმედეს, აიძულეს ჩვენებები შეეცვალათ, ემუქრებიან გარაბაღლის 21 წლის შვილსაც, რომელმაც ბაბუის მკვლელობის შესახებ გამოძიებას უამბო.

72 წლის მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ჯგუფური ცემის საქმეს სასამართლო 3 წელია იხილავს.

ეთნიკური შეუწყნარებლობისთვის ბრალდებულები დარწმუნებულები არიან რომ მათ ბრალეულობას სასამართლო ვერ დაადგენს.

პროკურორი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მოწმეების მიერ შეცვლილი ჩვენებებისა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები დევს, რითიც ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება.

 

დღის ამბები