გაყიდული ბავშვი - გიორგი გაგნიძის ოჯახი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ შვილი გაყიდა და ახლა ახალშობილი სხვის ოჯახში იზრდება. 10 თვეა ამ საქმეზე ჩივის, თუმცა უშედეგოდ.
მამაკაცი ამბობს, რომ მეუღლე მასთან მუდმივად არ ცხოვრობდა და ისინი პერიოდულად ცხოვრობდნენ ერთად. მამაკაცი ყვება, რომ მისი მეუღლის ორსულობის შესახებ არ იცოდა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ბავშვის დაბადების შესახებ შეიტყო, ჩვილს დე ენ ემ-ის ანალიზი ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის ნამდვილად მისი შვილია.
ბავშვი 2017 წლის თებერვალშია დაბადებული. ბიოლოგიური მამა ამტკიცებს, რომ სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ, მისი შვილი სამტრედიაში იზრდება, ბავშვის დედა კი სამეგრელოში ცხოვრობს. მამა საკუთარი შვილის დაბრუნებას ითხოვს.
ბავშვის მამიდა, ამბობს, რომ ლეკიშვილებმა, ვისთანაც ბავშვი ახლა იზრდება, უცხო პირები მოსალაპარაკებლად გამოუგზავნეს და ბიოლოგიურ მამას, ბავშვზე უარის თქმა სთხოვეს.
გარდა ამისა, როდესაც გიორგი გაგნიძე პოლიციაში განცხადების დასაწერად მივიდა, აღმოაჩინა, რომ მის ბავშვის დედასთან განქორწინებული იყო. მოგვიანებით გაიგო, რომ აბაშის სასამართლომ 2017 წლის თებერვალში გაგნიძის დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება.
გიორგი გაგნიძის ადვოკატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აბაშის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება გააბათილა. ამის შემდეგ, ერთ კვირაში, ბავშვის დედამ იმ პირთან მოაწერა ხელი, ვისთანაც ახლა ბავშვი ცხოვრობს. ქალი ისე გათხოვდა, რომ ის პირველ ქმართან განქორწინებული არ ოყო. სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.
ბავშვის დედა, ბავშის გაყიდვას კატეგორიულად უარყოფს.
სიუჟეტში მოყვანილი სახელები შეცვლილია.