18 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
სკანდალი სასულიერო აკადემიაში და მამა შალვას ფარული ჩანაწერი - სასულიერო პირი პირველ კომენტარს აკეთებს

სკანდალი სასულიერო სემინარიაში - ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ყოფილი სტუდენტების მიერ შვიდი წლის წინანდელი ფარული ჩანაწერის გასაჯაროვებას ეხმაურება.  

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სემინარიის ლექტორი მამა შალვა კეკელია აჯანყებულ სტუდენტებთან საუბრისას პირდაპირ ასახელებს ბუნტის უკან მდგარ სინოდის ერთ-ერთ წევრს, მღვდელმთავარ იოანე გამრეკელს.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი აღნიშნავს, რომ ზუსტად იცოდა, რომ სტუდენტებს გვერდით არცერთი ეპისკოპოსი არ ედგა და ისინი იტყუებოდნენ.

„მათ ვეუბნები ამ სიუჟეტში, რომ რატომ იტყუებით, რატომ ატყუებთ? მეუფე იოანე თქვენ გვერდზე არ დგას. ისინი გვეუბნებოდნენ, ჩვენ გვერდზე ეპისკოპოსია. მე ვეუბნები, რომ აბა რომელი ეპისკოპოსები გიდგანან თქვენ გვერდზე, ამას ვკითხულობ მათგან. ანუ მე ვიცოდი, რომ ეპისკოპოსები მათ გვერდზე არ იდგენენ, არავინ არ იდგა მათ გვერდზე და მე ამას ვადასტურებ, რომ არვინ არ გიდგათ თქვენ გვერდზე და რატომ ატყუებთ რატომ ეუბნებით, რომ თქვენ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით აკეთებთ ამას?“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ არ იცის ვის ინტერესში შედის ამ ჩანაწერების გასაჯაროება.

„ისე გაშუქდა „კურიერში“, რომ ვითომ მე ვადანაშაულებ, მე ვადებ ხელს ეპისკოპოსს, მე კი არ ვადებ, ისინი ადებენ ხელს ეპისკოპოსს. ისინი ამბობდნენ, რომ ეპისკოპოსები დგანან ჩვენ გვერდზე და არც ერთი ეპისკოპოსი მათ გვერდზე არ იყო. წარმოიდგინეთ ახლა სტუდენტი, დღეს მღვდელ-მონაზონია, ჩანაწერით დგას და მიწერს სასულიერო პირს. მე არაფერი დასამალი ღვთის წინაშე არაფერი არ მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, ვის ინტერესებში შედის. ალბათ არა წმინდა ძალების, რომლებსაც ეკლესიის ცუდად წარმოჩენა უნდათ,“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა ლექტორის, მამა შალვა კეკელიასა და სტუდენტების შეხვედრიდან ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვეს

დღის ამბები