18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ნოდარ გუგეშაშვილის მეგობარი გამოკითხეს - გამოძიება სტუდენტობის პერიოდის შესაძლო კონფლიქტით დაინტერესდა

დღეს, სამართალდამცველებმა ნოდარ გუგეშაშვილის მეგობარი გამოკითხეს. ბიძინა ალადაშვილის თქმით, გამომძიებლებს შეკითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა გუგეშაშვილს კონფლიქტი წლების წინ, სტუდენტობის დროს, შესაბამისად გამოძიება სავარაუდოდ, ამ ვერსიაზეც მუშაობს. 

როგორც ალადაშვილი ამბობს, მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა კონფლიქტი ნოდარ გუგეშაშვილს ან საერთოდ ვისთან შეიძლება ჰქონოდა მას რაიმე სახის კონფლიქტი.

გარდა ამისა, ბიძინა ალადაშვილი ამბობს, რომ გამომძიებლებს აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა იარაღი სახლში გუგეშაშვილს, რასთან დაკავშირებითაც, როგორც თავად ამბობს, მას ინფორმაცია არ აქვს.

განცხადება გააკეთა დოდო გუგეშაშვილის ძმამაც. თემურ გუგეშაშვილი ამბობს, რომ დღეს მისი და, გამომძიებლებს სავარაუდოდ დაუსახელებს მკვლელის ვინაობას. მისივე თქმით, ოჯახისთვის თავდასხმის შესახებ ვერსიები უცნობია.

„იყო ძალიან უკონფლიქტო, ვეძებდით, რომ რა შეიძლება, როდესმე ვინმეს თუ აწყენინა. ერთადერთი ალბათ, რაღაცას მიაგნეს, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ იყო,“ - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

ნოდარ გუგეშაშვილს ხუთშაბათს, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

დღის ამბები