18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ბრძოლა გავლენებისთვის - საპატრიარქოში მეუფე პეტრესგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ

სკანდალი საპატრიარქოს ირგვლივ ისევ გრძელდება. სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტების მწვავე განცხადებების ადრესატები სტუდენტების ბრალდებებს პასუხობენ. სემინარიის ხელმძღვანელობა ყოფილ სტუდენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და მწვავე განცხადებებს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

სემინარიის პარალელურად დაბნეულობა საპატრიარქოში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებებმა გამოიწვია. სასულიერო პირები მეუფე პეტრესაგან მეტ კონკრეტიკას ელის.

ერთადერთი სასულიერო პირი, ვინც დღეს პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლის პროცესში გარე ძალების ინტერესზე გაამახვილა ყურადღება მეუფე გრიგოლია, თუმცა მან საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლაში ჩართულ გარე ქვეყანაზე მინიშნებით ისაუბრა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მკვეთრი განცხადება "კურიერის“ ეთერში შაბათს გააკეთა. მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება და გარე ძალა ცდილობენ, საკუთარი გავლენები პატრიარქობისათვის ბრძოლაში, მათი კანდიდატურის დაწინაურებისათვის გამოიყენონ.

სინოდის სხვა წევრები ამ თემაზე საუბრისაგან თავს იკავებენ. პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაზე საუბარს შეურაცხმყოფელს უწოდებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი. დეკანოზი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ არაფერი იცის საპატრიარქო ტახტისთვის მიმდინარე ბრძოლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ისევ მეუფე პეტრემ უნდა წარმოადგინოს.

დღის ამბები