საეჭვო რეპუტაციის რუსული კომპანია შესაძლოა თბილისის მერიის მრავლმილიონიანი ტენდერის გამარჯვებული გახდეს. „ნიკარემსტროის“ ქართული ფილიალი მერიას მშენებლობას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.
შესაძლოა კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩაიბაროს. ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე სატენდერო განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია.
"ნიკარემსტროი" ერთი წლის წინ შავ სიაშიც იყო შეყვანილი ტენდერით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ თუ მერია მასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, დედაქალაქი კიდევ ერთ უხარისხოდ შესრულებულ ობიექტს მიიღებს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ტენდერის დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა ამტკიცებს, რომ შესაბამისი სამშენებლო კვალიფიკაცია აქვთ.
ამ დრომდე უცნობია კომპანია "ნიკარემსტროის" ფილიალის გარდა ვინ მონაწილეობს ესტაკადების ტენდერში და საბოლოოდ ვინ ააშენებს თბილისში ორ ესტაკადას. ოპოზიცია მმართველ გუნდს ტენდერის გამჭვირვალედ ჩატარებას ურჩევს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.