ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა დაკავებულებს დღეს ამოეწურათ, რის შემდეგაც დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.
სასამართლომ ამჯერადაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 7-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.
„დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას და მოითხოვა პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი ღონისძიებით, კერძოდ გირაოთი, თუმცაღა ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა ამ კუთხით არ იქნა დაკმაყოფილებული და გაზიარებული სასამართლოს მიერ,“ - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.