პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მსჯელობა გადაიდო.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ პოზიციები შეჯერებული და მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კონსულტაციები გაგრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს კანონის დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.
პარალელურად, სამოქალაქო სექტორი უწყებათშორისი კომისიის შეკრებას ელოდება, სადაც აღნიშნული საკითხი უნდა განიხილონ.
,,სანამ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არ მოხდება შეთანხმება საბოლოდ, იმ დრომდე პარლამენტი არ გააგრძელებს კანონპროექტის განხილვას. თებერვლის მეორე ნახევარში უნდა იყოს სახელისუფლებო პოზიციები ხელმისაწვდომი, იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში მოხერხდება შეთანხმების მიღწევა და მთავრობას ექნება ერთიანი ხედვა“- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძული.
”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე მსჯელობის გადადების მიზეზად ამ საკითხზე სახელისუფლებლო გუნდში არსებულ გაუგებრობას ასახელებს. გარდა ამისა, ჯაფარიძე საპატრიარქოს როლზეც მიუთითებს.
,,ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ამ პროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და მეორე არის გაუგებრობა თვითონ ხელისუფლების შიგნით, არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს და არიან ადამიანები ,რომლებიც აკრიტიკებენ ამ კანონპროექტს, არის კიდევ ცალკე მთავრობა, რომელიც გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს, საიდანაც დასკვნის გამოტანა თუ რისი გაკეთება უნდათ არის შეუძლებელი“-აცხადებს ჯაფარიძე.