18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდების სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი უნდა დაკითხონ. სკოლის დირექტორი ამ საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმეა.

დირექტორის გარდა, დღეს უნდა დაიკითხოს სკოლის სასწავლო ნაწილი. პროცესი ამ წუთებში იწყება. 

დაცვის მხარეს ნივთებზე ექსპერტიზის განხორციელების მიზნით, საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სურდა, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ბრალდების მხარის ექსპერტიზა ჯერჯერობით არ დასრულებულა და მისი შედეგი შესაბამისად ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, მათ დამოუკიდებელი ექსპერტების საქმეში ჩართვა არ შეუძლიათ. 

ადვოკატები პროკურატურას ექსპერტიზის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. 

„დაიკითხება 51-ე სკოლის დირექტორი სავარაუდოდ, ვინაიდან წინა პროცესზე წარმოდგენილი ყავდა ბრალდების მხარეს დასაკითხად, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა. ასევე იმსჯელებს სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე,“ - განაცხადა ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საქმის პროკურორი. ზვიად ფხაკაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის ვადები პროკურატურაზე არ არის დამოკიდებული. 

„ექსპერტიზის გაჭიანურება არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან, ბრალდების მხარეს ფაქტობრივად შეხება ექსპერტიზის კვლევასთან არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თუ რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავრცელებულ იქნა დაცვის მხარის მიერ,“ - აცხადებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

 

 

დღის ამბები