„გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ სახელწოდების ხელმოწერების შეგროვება, პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ დაიწყო. აქტივისტებს რკინიგზელთა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც პარლამენტში მიმდინარეობს, ინსპექტირების ეფექტურ მექანიზმს არ შეიცავს და შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან.
„ეს კანონი ისევ არის გამოშიგნული, ისევ არის ცარიელი, ეს კანონპროექტი ისევ ვერ მოახერხებს დასაქმებულების დაშავებისა და თუნდაც, გარდაცვალების პრევენციას სამუშაო ადგილებზე, სწორედ ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ ეს საკითხი საზოგადოებამდე,“ - განაცხადა პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი, გიგა ბექაური.
აქტივისტები ხელისუფლებას კანონპროექტის გადახედვისკენ და შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.