ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის დირექტორი და სკოლის სასწავლო ნაწილი დაიკითხნენ. ორივე მათგანი საქმის მოწმეები არიან.
ისინი, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის და დაცვის მხარის შეკითხვებს პასუხობდნენ.
როგორც ადვოკატმა, ეკა მაჭარაშვილმა, აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყო სკოლის დირექტორიც, თუმცა, მისი დაკითხვა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო.
„დღევანდელი პროცესი განახლდა მოწმის დაკითხვით, დასრულდა სასწავლო ნაწილის დაკითხვა, ასევე დაიკითხა 51 სკოლის დირექტორი, ასევე წარმოდგენილი იყო მანდატური, მაგრამ მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან დამთავრდა სამუშაო დრო. ასევე იმსჯელა სასამართლომ ახალი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და დასაშვებად იქნა ცნობილი,“ - აცხადებს უფლებადამცველი.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მათთვის ჯერჯერობით საქმის ნივთმტკიცებები არ გადაუციათ.
„ჩვენ ველოდებით, როდის დაასრულებს ბრალდების მხარე საკუთარ ექსპერტიზებს, როდის დაასრულებენ ის ექსპერტები ექსპერტიზის ჩატარებას, რომლებიც დანიშნულია ბრალდების მხარის მიერ და ამ ექსპერტების დასრულების შემდეგ, ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ექსპერტიზის დასკვნა,“ - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე უარყოფს დაცვის მხარის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარე ხელოვნურად აჭიანურებს მათთვის მტკიცებულებების გადაცემას.
„ეს არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ - აღნიშნა პროკურორმა.