განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ირანელი ბიზნესმენის უფლებადამცველი ხელისუფლებას რეზა სულეიმან პაკის პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
ადვოკატმა ტარიელ მამნიაშვილმა კურიერთან სკანდალური განცხადება გააკეთა.
ის ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირანის ხელისუფლების თხოვნით დააკავეს. მიზეზი კი ბიზნესმენის პოლიტიკური განცხადებებია. რეზა სულეიმან პაკი ამტკიცებდა, რომ 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტერაქტში ირანი იყო ჩართული. საკუთარ სახელმწიფოში დევნილ ბიზნესმენს ლტოლვილის სტატუსი გერმანიამ მისცა.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ რეზა სულეიმან პაკი საქართველოშიც პოლიტიკური მოტივით იდევნება.
კურიერი ასევე ირანის მოქალაქეს ესაუბრა, რომლის ლიკვიდაციაც, გამოძიების ინფორმაციით, რეზა სულეიმან პაკმა შეუკვეთა. 37 წლის ვაჰიდ ებოდმა ინტერვიუში დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო მასსა და რეზა სულეიმან პაკს შორის კონფლიქტი. როგორც ებოდის მონაყოლიდან ირკვევა, ბრალდებულსა და დაზარალებულს რამდენიმეთვიანი ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.
დაზარალებული ყვება, რომ დაკავებული ბიზნესმენი მას მოკვლით რამდენჯერმე დაემუქრა. ვაჰიდ ებოდი ამტკიცებს, რომ რეზა სულეიმან პაკი ლიკვიდაციით ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრებსაც.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა რეზა სულეიმან პაკმა 5500 დოლარის სანაცვლოდ, თავისსავე თანამოქალაქის მკვლელობა შეუკვეთა.