მე-17 საჯარო სკოლაში პირველკლასელი ფანჯრიდან გადახტა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში იმყოფება და მას ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი ჯონი სამხარაძე მოზარდის ჯანმრთელობის შესახებ ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეს კლინიკაში შეყვანის დროს წელისა და მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდა.
ექიმის თქმით, პირველკლასელი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სავარაუდოდ დღესვე გაწერენ.
როგორც მე-17 სკოლის დირექტორი მარიამ ჭელიძე ყვება, მოზარდმა საკლასო ოთახის კარი ვერ გააღო და ის ფანჯრიდან გადახტა.
დირექტორი აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ, დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცემა, რის შემდეგაც მოკვლევა ჩატარდება დამრიგებელთან დაკავშირებით და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
„მესამე გაკვეთილის შემდეგ, როცა უნდა შესულიყო მეოთხე გაკვეთილი, მუსიკის გაკვეთილი ქონდათ მოსწავლეებს, დამრიგებელს გაჰყავდა კლასიდან მოსწავლეები, როდესაც აღნიშნული მოსწავლე ჩამორჩა კლასს, ვინაიდან ჰქონდა რაღაც ნივთი ჩანთიდან ამოსაღები და გასატანი შესაბამის გაკვეთილზე. რომ მიბრუნდა, კარი ვეღარ გააღო, შეშინებული მოსწავლე მივიდა ფანჯარასთან და გადახტა,“ - განაცხადა დირექტორმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი