ქიაჩელის 19 ნომერში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. მათ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სარჩელით თბილისის მერიას უკვე მიმართეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩა დატვირთვას ვერ გაუძლებს. მათივე ინფორმაციით, 2002 წლიდან ორჯერ შეჩერებული მშენებლობა დავით ნარმანიას მერობის დროს ისევ გაგრძელდა.
დღეს ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ და პრობლემაში გარკვევას დაპირდნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზალიკო უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ სამი კორპუსის მშენებლობის ნებართვა არის გაცემული.
"პრაქტიკულად, ორჯერ მეტი ადამიანი იცხოვრებს მხოლოდ ამ კორპუსებში, ვიდრე მთლიანად ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ელოდება ამ ქუჩის მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც ეს კორპუსები ექსპლუატაციაში შევა," - განაცხადა უდუმაშვილმა.