პანკისის ხეობაში საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტები იმყოფებიან. სპეციალისტები თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატთან ერთად იმ ოთახს ათვალიერებენ, რომელშიც სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდის მიმართულებით გასროლა განხორციელდა.
დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით, ადგილზე დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩავიდნენ.
ალთუნაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილის ხელახალი შესწავლა კი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გახდა აუცილებელი.
მისივე განცხადებით, საქმეში არსებული ფრაგმენტები არ იძლევა ტყვიის იდენტიფიცირების საშუალებას.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატს მიმდინარე საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს
მარიამ კუბლაშვილმა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფსა და ექსპერტებთან ერთად, პანკისის ხეობაში იმყოფება, იმ შუამდგომლობის მნიშვნელობა განმარტა, რის გამოც ამ წუთებში სოფელ დუისში, შემთხვევის ადგილზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის დათვალიერების პროცესი მიმდინარეობს.
"საგამოძიებო პროცესში ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი გამომძიებლებთან ერთად შემთხვევის ადგილს ხელახლა სწავლობს. მრავალი კითხვაა დღემდე პასუხგაუცემელი, მათ შორის როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა იქ, სადაც საგამოძიებო მასალებშია აღნიშნული, ეს აშკარა შეცდომაა. ასევე, სროლის დროს არსებული ლითონის ფრაგმენტი, ტყვია, რომლის ძირითადი ნაწილი არ არის ამოღებული და საქმეში არ დევს. ბუნებრივია, ამ მთავარ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. "- განაცხადა მაჩალიკაშვილების ადვოკატმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის ტყვიამ იმსხვერპლა.
სუს-ის ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდას ხელყუმბარა ჰქონდა, რის გამოც, გახდა საჭირო სროლა.