სახელმწიფო აუდიტის საბოლოო დასკვნაში ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მოხვდა.
ანგარიშში, რომლიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, წერია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიას მერიამ უკონკურენტო გარემო შეუქმნა.
ლაშა თორდია აცხადებს, რომ აუდიტის საბოლოო დასკვნამ შუალედური ანგარიშში მოყვანილი ფაქტები კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„აუდიტის საბოლოო დასკვნამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტები, რა ფაქტებზეც ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ. ეს შეეხება ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიერ 580 ათას ლარად 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე კომპანიის შესყიდვაზე, რომელიც რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავდა. შემდგომში ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩანაცვლების შემდგომ ასევე, კიდევ ჩატარდა აუქციონი, რომელიც ასევე, 40 პროცენტით ნაკლებ ფასში იქნა პირდაპირ მიყიდული ფარცხალაძის კომპანიისადმი,“ - განაცხადა თორდიამ.
ლაშა თორდია ამბობს, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები გახდა მასსა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი.
„გახსოვთ, შესწავლას, რაც მოჰყვა მაშინ, თავდასხმა ჩემზე, ჩვენ მაშინვე შუალედური ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერსებდა თუ რასთან ჰქონდა საქმე. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს გარიგებები და ფაქტები და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ალბათ, საბოლოო პასუხს გასცემს, თუმცა, ამის იმედი მე ნაკლებად მაქვს,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.