18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"კალა სხვა თბილისია"-კულტუროლოგები გუდიაშვილის მოედნის პროექტის დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ

ხელოვნებათმცოდნეები იმ კომპანიის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვენ, რომელიც გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა პროექტის დეტალური განხილვა, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას მოელის ამ პროექტისგან. 

„ასეთ პროექტებს სჭირდება ძალიან დიდი გახსნილობა და არა დროის დაკარგვა და მერე ფორსირებული წესით პროცესის დაჩქარება, არამედ მოსახლეობის აქტიური ჩართვა და განხილვა რა იქნება ფუნქციები, როგორი იქნება თვითოეული შენობა, რას ელის სამომავლოდ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძველი ქალაქის განვითარებასთან და ოჯახის ეკონომიკურ განვითარებასთან არის დაკავშირებული,“-განაცხადა  ნიკა ვაჩეიშვილმა.

რაც შეეხება კულტუროლოგს ცირა ელისაშვილს, მისი თქმით, უცნობია კვალიფიკაცია იმ კომპანიის, რომელიც განახორციელებს სამუშაოებს და პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნება პროფესიული აზრი გათვალისწინებული.

„იმ კონკრეტულმა ორგანიზაციამ, რომელზეც არის საუბარი და რომლესაც არ ასახელებენ დღემდე, უნდა დაგვიმტკიცოს  ჩვენ, რომ მისი კვალიფიკაცია შესაბამისია იმ მოედნისა, რომელიც დგას კალაში. იმიტომ, რომ კალა სხვა თბილისია,“-განაცხადა ცირა ელისაშვილმა. 

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე 50 მილიონი დაიხარჯება. ამ დრომდე უცნობია იმ კომპანიის ვინაობა , რომელიც 50 მილიონიან პროექტს განახორციელებს და რომლის შერჩევაც ტენდერის გარეშე მოხდა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები