რუსეთის თემა და ამ ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეები - ეს ერთ-ერთი თემაა, რაზეც მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ.
კონფერენციის მონაწილეების აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ზემოქმედების საშუალება არის სანქციები. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომელმაც ამ კონტექსტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც ახსენა.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, თანდათან ფართომასშტაბიანი მსოფლიო ჰიბრიდული ომი ხდება. კრემლმა არ იცის თავისი ფარული მიზნების საზღვრები. არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც უკრაინაზე უკეთესად იცნობს მოსკოვის ჰიბრიდულ ტაქტიკას. ამიტომ მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს - უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მცდელობას, გაანადგუროს ჩვენი ერთიანობა და დემოკრატია.
"ეს ომი სხვადასხვა დონეზე, ფრონტსა და სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. თუმცა, ბოროტება, რომელიც ამ ომის უკან დგას, ერთადერთია და ის კრემლში იმყოფება. რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის ეგზისტენციალური გამოწვევა, რომელიც ჩვენს მომავალზე მოახდენს გავლენას.
"პირველი, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის რუსული მშვიდობა. ამის მაგალითი ბევრია. რუსული მშვიდობა ყველაფერს, რასაც ეხება, ნანგრევებად აქცევს. შეხედეთ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს, ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმს. როგორც ჩანს, რუსული მშვიდობის დოქტრინის თანახმად, მთლიანად ევროპა უნდა გამოიყურებოდეს, როგორც კალინინგრადი ან ოკუპირებული დონეცკი,” - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.