საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია შეაფასა.
გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე მნიშვნელოვნად შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან, შეხვედრას მიიჩნევს.
პრემიერის თქმით, მიუნხენში გამართული მოლაპარაკებების დადებით შედეგს საქართველო უახლოეს მომავალში იგრძნობს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან დასმული იყო საკითხი, რომელიც ეხებოდა რუსეთიდან მომდინარე აგრესიას.
„ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ჩვენი ოკუპაციის პრობლემასა და საერთოდ რეგიონში მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოს კონტექსტში, არამედ უკრაინაშიც, რა თქმა უნდა. ეს არის დამაზიანებელი მთლიანად რეგიონში სტაბილურობის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ყველა ჩვენს მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.