51-ე სკოლის მოსწავლეების - დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კურიერმა სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.
ერთსაათიან ჩანაწერში მოკლული მოსწავლეების მეგობრები ყვებიან, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მათ სოლიდური თანხის სთავაზობს.
აუდიოფაილი ბევრ სხვა საინტერესო დეტალსაც შეიცავს. ჩხუბის მონაწილეები თავად ყვებიან, ვინ ვის დაარტყა და როგორ მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები სასკოლო ჩანთებით საქმის გარჩევაზე მისულებმა ერთმანეთს.
აუდიოფაილში ხმები შეცვლილია და კურიერი სახელებს შეგნებულად არ ასახელებს. ამოჭრილია იმ არასრულწლოვნების გვარებიც, ვისაც საუბრის მონაწილეები ახსენებენ.
ჩანაწერში, რომელიც კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, არასრულწლოვნები გამოთქვამენ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთ პირს გავლენიანი პატრონები ჰყავთ. მათივე საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში ქართული ოცნების წევრების ან მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებული ოჯახების შვილები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი საკრებულოს დეპუტატის, დიდუბის მაჟორიტარ თარაშ შურღაიას შვილია.
თავად თარაშ შურღაია მისი შვილის კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მისმა შვილმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა.
ჩანაწერში არასრულწლოვნები უშუალოდ საქმესთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო დეტალზეც მიუთითებენ.
მათი ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტში, 51-ე და პირველი სკოლების გარდა, მოსწავლეები სხვა სკოლებიდანაც მონაწილეობდნენ. სახელები და გვარები ყველასი არ იციან.
კურიერის ინფორმაციით, უმეტესობის ვინაობა არც გამოძიებას აქვს დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ 51-ე სკოლიდან ხორავას ქუჩის 4 ნომრამდე მისასვლელ გზაზე არსებულ გარე სათვალთვალო კამერებს, თითქმის, ყველას სახე აქვს დაფიქსირებული.
მოზარდებს შორის ამ საუბარს შეესწრო სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს.