ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, ხეები ამჯერად ბიუჯეტის ხარჯზე გადააქვს. იმის გამო, რომ ივანიშვილის მიერ შერჩეულ ხემდე გზა არ მიდის, ის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გაჰყავს.
ჩაქვში მაგნოლიების ქუჩიდან ყველა მაგნოლია გაიტანეს და ახლა ამ ქუჩას მხოლოდ სახელიღა დარჩა. ამასთან, გზა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებზე გადის. ბაღები უკვე გაჩეხეს და სახელებს ძირი გამოუთხარეს. მოსახლეობა აპროტესტებს, თუმცა, უშედეგოდ.
აჭარის ოპოზიცია ამბობს, რომ ეს კრიმინალი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საუბარი არა ათობით, ან ათიათასობით ლარზე, არამედ ორ მილიონზეა.
გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა თავადაც არ იციან, რას აშენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ბანერი იქვე, ჩქაროსნულ მაგისტრალზეა გამოფენილი. ნახატის მიხედვით, შემოვლითი გზა ერთი კილომეტრის სიგრძის უნდა იყოს და მან პირდაპირ გვირაბების თავზე უნდა გაიაროს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ ახალი გზის აშენების აუცილებლობა არ არსებობდა. უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავლში გვირაბთან ახლოს წრიული მოსაბრუნებელი გზა უნდა გაკეთდეს. თუმცა, მანამდეც წლებია, ამ გზაზე მოძრავი ავტომობილებისთვის შემოვლითი გზა ისედაც მოქმედებს.