საშაურმეების უმრავლესობაში სიბინძურეა და ხორცი წესების დარღვევით მზადდება. ქვეყანაში საკვებით მოწამლული ადამიანების უმეტესობა კი ინტოქსიკაციის მიზეზად შაურმას ასახელებს. კურიერის კამერის წინ კვების 4 ობიექტი შეამოწმეს, აქედან სამი დახურეს.
ობიექტებში, რომლებიც ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ხშირ შემთხვევაში, შაურმისთვის შეუმოწმებელ ხორცს იყენებენ. ხშირად არ რეცხავენ მცენარეულ პროდუქტსაც.
ასეთი პრობლემები, როგორც მცირე ზომის, ასევე დიდ და ბრენდულ საშაურმეებსაც აქვს. აქ პერსონალი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, როგორც ტელეკამერების, ასევე სახელმწიფო კონტროლის მიმართაც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლო ერთი წლის სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მე-5 საშაურმე ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტს ყიდის, რომელთა უმრავლესობასაც უწყება წარმოების უფლებას უკრძალავს, შედარებით მსუბუქი დარღვევისთვის კი ობიექტებს ფულად ჯარიმას ახდევინებენ.
არასათანადოდ მომზადებული შაურმის მიღებით შესაძლებელია, ადამიანის ჯანმრთელობას მძიმე ზიანი მიადგეს. ამ კერძს ადამიანის 200-მდე ბაქტერიული ან ვირუსული დაავადებით ინფიცირება შეუძლია.
საქართველოში დღეში, საშუალოდ, 7-8 ტონა შაურმა იყიდება.