27 ივლისი 2024,   04:29
ვრცლად
ვიდეოჩანაწერი, რომელმაც შესაძლოა, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმე თავდაყირა დააყენოს

ვიდეოჩანაწერი, რომელმაც შესაძლოა, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმე თავდაყირა დააყენოს - კურიერის მიერ მოპოვებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პაროდისტსა და შინაგან საქმეთა სამინიტროს მოქმედ თანამშრომელს, დავით როსტომაშვილს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომლიც როსტომაშვილს უკნიდან ეპარება და თავში ურტყამს, ამ საქმეზე ბრალდებული ბექა კირვალიძეა. კადრებში ჩანს, რომ კირვალიძე შემთხვევის ადგილს ინციდენტიდან რამდენიმე წამში ტოვებს და მას შეჩერების მიზნით როსტომაშვილის ქალიშვილი მისდევს.

ჩხუბის დროს კადრში კიდევ ერთი პირი ჩანს, რომელიც ძირს დაგდებულ როსტომაშვილს, სავარაუდოდ, ოქროს ჯაჭვს ხსნის და გარბის. ეს პირი, გამოძიების მტკიცებით, ამავე საქმეზე ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ზურა ქუთელიაა.

ბექა კირვალიძე შემთხვევის ადგილზე  ვერცხლისფერი ჯიპით როსტომაშვილზე განხორციელებულ თავდასხმამდე 2 წუთით ადრე მიდის. ინციდენტის შემდეგ კი პირი, რომელიც როსტომაშვილს, სავარაუდოდ, სამკაულს ხსნის და გარბის, კურიერის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილს ამავე ვერცხლისფერი ჯიპით ტოვებს. ავტომობილი ტერიტორიას, კამერების ჩანაწერების მიხედვით, 15:50:54 საათზე ტოვებს და ორთაჭალის მიმართულებით სწრაფად გადაადგილდება.

უკვე რვა თვეა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ვერცხლისფერი ჯიპით შემთხვევის ადგილი ზურა ქუთელიამ თავდასხმიდან რამდენიმე წამში მისივე ნაცნობის, არტიომ აგაჯანოვის, ავტომობილით დატოვა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს კიდევ ერთი სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომლიც კურიერმა მოიპოვა.

ამ კადრში, ოჯახის წევრების მტკიცებით, ზურა ქუთელიას ავტომობილი ჩანს, რომელსაც მისი მეგობარი მართავს, მძღოლის გვერდით კი თავად ბრალდებული ზის.

კადრები 15:51:17 საათზეა გადაღებული. თუ ეს კადრები ავთენტურია და ქუთელია მის ავტომობილში ზის, მაშინ რატომ ამტკიცებს გამოძიება, რომ ის თავდასხმაში მონაწილეობდა და ტერიტორია 1 წუთით ადრე ვერცხლისფერი ჯიპით დატოვა.

ის, რომ ზურა ქუთელია შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, ამას კიდევ ერთი ბრალდებული - ბექა კირვალიძეც, ადასტურებს. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა როსტომაშვილის ცემა აღიარა და მოტივაციაც განმარტა.

​ 

დღის ამბები