მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელზეც ერთ-ერთ შეხვედრაზე ტვ პირველის წარმომადგენლებმა გაახმოვანეს.
საუბარია ტელეკომპანიის მფლობელის, ვატო წერეთლის, განცხადებაზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ზეწოლის და მუქარის მცდელობას შეიცავდა.
ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ ვატო წერეთელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულები ალექსანდრე ჯეჯელავა და დიმიტრი ქუმსიშვილი იყვნენ.
მედიაექსპერტი ამბობს, რომ ხელოვნურად შეექმნა პრობლემები ვატო წერეთლის კუთვნილ ბიზნესს, საიდანაც მიღებული ფულით ფინანსდებოდა ტელევიზია. სწორედ ამ საკითხზე დაიწყო ვაჭრობა. ის ამბობს, რომ ვატო წერეთელს სთავაზობდნენ ბიზნესის შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, თუ დათმობდა ტელევიზიის წილის ნახევარს. ამასთან, ნინია კაკაბაძის განცხადებით, ვაჭრობის საგანი იყო ისიც, რომ ვატო წერეთელი, წილის გაყოფის შემთხვევაში, ვეღარ ჩაერეოდა, თუ რა გადაცემა დარჩებოდა არხზე, რომელი ჟურნალისტი შეინარჩუნებდა სამსახურს.
ვატო წერეთელზე დაყრდნობით ის ამბობს, რომ ჯეჯელავამ "ტვ პირველის" მფლობელს უთხრა, რომ ხელისუფლება აკვირდებოდა არხს.
„ბატონმა ჯეჯელავამ უთხრა ვატო წერეთელს, რომ დიდი ხანია, გიყურებთ. ვფიქრობთ, რა მოგიხერხოთ. თქვენ ხართ ავადმყოფივით, რომელიც ლოგინში წევს. აქ იგულისხმება, ალბათ, ის, რომ ჯერ პატარა რეიტინგი აქვს და ვფიქრობთ, რომ აქვე გაგანადგუროთ ლოგინშივე თუ დაგტოვოთ ასე და როგორც დემოკრატიის შირმა, იყოთ, ოღონდ ამის ზემოთ არ გაგიშვათ,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ვატო წერეთელმა მას ეს ინფორმაცია მიაწოდა, დაისვა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა მას ამის მტკიცებულებები, რაზეც ტვ პირველის მფლობელმა განაცხადა რომ აქვს.