რუსეთი კვლავაც რჩება საქართველოსთვის ძირითად საფრთხედ-ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მიუნხენის კონფერენციაზე მყოფი ექსპერტები და პოლიტოლოგები თანხმდებიან. ამავე საკითხზე საუბრობს შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტიც. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პარალელურად, ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან.
„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია შეინარჩუნოს მიმართულება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. ეს არის საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი ვექტორები. ძალიან ნათელია, რომ რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ეს შეაჩეროს, ვფიქრობ, რომ აქამდე განსკუთრებულ წარმატებას რუსეთმა ვერ მიაღწია. ახლა რუსულ- ქართული ურთიერთობა ოდნავ ნორმალურია ტურიზმისა და ვაჭრობის კუთხით მაგალითად და ეს კარგია. თქვენ უნდა შეძლოთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების პარალელურად და ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს შეეგუოს ამ ფაქტს,“-განაცხადა კარლ ბილდტმა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობს კონფერენციის მონაწილე რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ალექსეი პუშკოვი. მისი თქმით ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოსწორდა.
„რუსეთს ახლა საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობა აქვს. მე ვიცი რომ ქართული საქონელი რუსულ ბაზარზე შევიდა იმ რთული დროისგან განსხვავებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაუჭრელი რჩება, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ორივე ქვეყანას შორის ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას, მე ვფიქრობ რომ ეკონომიური ურთიერთობებში რუსეთის ხელისუფლება მართებულად და გონივრულად მოიქცა. დიახ არის პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამით რატომ უნდა დაზარალდეს ვაჭრობა და ქართველი მეწარმე, საბოლოო ჯამში კი მოსახლეობა? როცა მე დუმის საგარეო ურთიერთობის კომიტეტს ვხელმძღვანელობდი, თედო ჯაფარიძესთან ჩვენ აქტიური და საკმაოდ პოზიტიური კონტაქტი გვქონდა. კონტაქტი სხვა ქართველ დეპუტატებთანაც გვქონდა. უბრალოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ორი სახის დეპუტატები არიან - ერთნი, რომლებიც უარყოფითად არაინ განწყობილი რუსეთის მიმართ, ესენი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან, მათთან საუბარს არ აქვს აზრი და მეორენი, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ საქართველო ასე თუ ისე მეზობელი ქვეყანაა და ასე თუ ისე ურთიერთობის ქონა აუცილებელია. ჩვენ ამ მეორე ტენდენციას მხარს ვუჭერთ და მზად ვართ სხვა ასეთი ახალი კონტაქტებისთვის,“-განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.