საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ელოდებიან. მთავარი კითხვები, რაც დეპუტატებს მიხეილ ჯანელიძესთან ექნებათ, ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით გაჩენილი ის სიგნალებია, რომლის შესახებაც განცხადებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები მთავრობას მოუწოდებენ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
„სამწუხაროა, რომ ასეთი მკაცრი გაფრთხილება მიიღო საქართველომ და ეს დამოკიდებულია ალბათ რამდენიმე ფაქტორზე. აქ არის ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობაც. სიღარიბის ზრდა, იმიტომ ტოვებენ ადამიანები საქართველოს საზღვრებს. ეს არის კრიმინალი და კრიმინალთან გაცილებით გააზრებული ბრძოლა. არის საჭირო და კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს ეს პოლიტიკა აქ და რა თქმა უნდა ძალიან კარგი საინფორმაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ ერთხელ ახსნა ადამიანებისთვის, რომ რა უნდა გააკეთონ როცა გადიან საქართველოდან. სწორედ ამ ჩარჩოებში იქნება კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართაც,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებთან მას შემდეგ შეიქმნა, რაც კრიმინალის დონე გაიზარდა და ამას საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს.
"ეს პრობლემა შეიქმნა იმის გამო რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაიფურჩქნა კრიმინალი და კრიმინალური სამყარო და უკვე ამ პრობლემამ შეაწუხა სერიოზულად ევროპელები. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გვპირდება რაღაც ღონისძიებების გატარებას და ამავდროულად, სულ რამდენიმე დღის წინ საზღვარზე სრულად უპრობლემოდ გაუშვეს საზღვრის გადასაკვეთად მორიგი ქართველი კრიმინალი. სწორედ ესეთი ფაქტების გამო არის, რომ დღეს ჩვენ პრობლემები გვაქვს ევროპელებთან,“-განაცადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი მინისტრისგან წლის შემაჯამებელ მოხსენებას და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებებს ელის. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას და შეჩერების მექანიზმს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს საქართველოს არ ემუქრება.