მოკლული მამაკაცის მეუღლე, რომელიც ათი თვის ბავშვთან ერთად მარტო დარჩა, მისი ქმრის მკვლელის დასჯას ითხოვს.
სენაკში მცხოვრები ინალიშვილების ოჯახში ტრაგედია 2016 წლის 22 ნოემბერს დატრიალდა. 35 წლის ე.წ. ავტორიტეტად ცნობილი გიგა ინალიშვილისთვის ბავშვობის მეგობართან შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის მეუღლე, ქრისტინე ქაჩიბაია ამბობს, რომ ტრაგედიის საღამოს გიგა ინალიშვილი ათი წლის უნახავ მეგობარს, ტოგრელ კირთაძეს საერთო ახლობლის ბინაში შეხვდა. ძველმა მეგობრებმა წლების წინანდელი წყენა გაიხსენეს და შელაპარაკების ნიადაგზე, კირთაძემ ინალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენა, აქედან 6 გულში, ერთი კი საკონტროლო თავში. გიგა ინალიშვილი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ იმავე საღამოს, კირთაძეების ახლო ნათესავის, სამეგრელოს სამხარეოს უფროსის მოადგილის დახმარებით, ტოგრელ კირთაძე აფხაზეთში გადაიპარა და დღემდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სავარაუდოდ სწორედ ამ მაღალჩინოსნის ხელი ურევია იმაშიც, რომ მკვლელობის საქმეში არ დევს, თითქმის, არანაირი მტკიცებულება. არც იარაღი, არც 7 ტყვია, რომლიდანაც შვიდი მოკლულს მოხვდა და არც მოწმეთა ჩვენებები.
გიგა ინალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კირთაძის ოჯახში მის უდანაშაულობაზე საუბრობენ, თუმცა იმასაც ადასტურებენ, რომ კირთაძე დანაშაულის ადგილიდან მაშინვე მიიმალა. ოჯახში არც იმას უარყოფენ, რომ სამეგრელოს სამხარეოს უფროსის მოადგილე მათი ნათესავია.
ავტორი:თამთა ჩიტიშვილი.