18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
პაციენტები ხონის ფსიქიატრიული კლინიკის წინააღმდეგ- ექიმებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

29 წლის სერგო კურტანიძე ხონის ფსიქიატრიული მედიცინის ცენტრს უჩივის. მან დაწესებულებაში ორწელიწად-ნახევარი გაატარა. ის კლინიკაში 5-ჯერ სხვადასხვა დროს მოათავსეს. ამბობს, რომ მისი შეხედულებების, განსხვავებული რელიგიისა და მისი ოჯახისთვის არასასურველი ქცევების გამო, ნათესავებმა მისი კლინიკაში სამუდამოდ დატოვება გადაწყვიტეს, ამიტომ საავადმყოფოდან 2 პაციენტთან ერთად გაიქცა.

სერგო კურტანიძე ამტკიცებს, რომ  მას კლინიკაში შეყვანისთანავე არაადამიანურად მოექცნენ. მისივე მტკიცებით მედიკამენტური მკურნალობა არა დადგენილი ვადით, არამედ ხანგრძლივად გრძელდებოდა, რადგან პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ პაციენტი უმოქმედოდ დიდხანს ყოფილიყო.

სერგო კურტანძის მტკიცებით არაადამიანური მოპყრობის გარდა ფსიქიატრიულ კლინიკაში არ არსებობს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცევის შემდეგ, სერგო კურტანიძის ჩვენების საფუძველზე გამოძიებაც დაიწყო. პოლიციამ უნდა დაადგინოს ხდებოდა თუ არა კლინიკაში უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, რამაც კურტანიძის ჯანმთელობის დაზიანება გამოიწვია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლითაც მიმდინარეობს, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ შესაძლო იძულება.

სერგო კურტანიძე ერთადერთი არ არის ვინც კლინიკას უპირისპირდება. ხონის ფსიქიატრიული კლინიკის მიმართ ბრალდებებს ღიად აფიქსირებს, ერთ-ერთი პაციენტის დაც. მამაკაცი კლინიკაში 2 წლის წინ მოათავსეს. მისი და ირწმუნება, რომ პაციენტს, რომელიც მედიკამენტებს საკუთარი სურვილით არ სვამდა, არასრული და არასათანადო მკურნალობა გაუწიეს. 

დღის ამბები