გასულ კვირას "TV პირველის" წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე ალაპარაკდნენ. ჟურნალისტებმა და თავად არხის მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა საქმის კურსში არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები და პრეზიდენტი ჩააყენეს. არხის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან მომავალ „შემაშფოთებელი სიგნალებზე“ აკეთებდნენ აქცენტს.
"TV პირველმა" გასულ ხუთშაბათს სამთავრობო მანქანასთან ბრძოლა წამოიწყო. მაგრამ კვირას გაჩერდა.
შემაშფოთებელი სიგნალები, როგორც ამბობენ, სრულიად კონკრეტული საუბრები, უფრო ზუსტად, მუქარებია. ამავე ხმებით, მათ ნაწილს წერილობითი გზავნილების ფორმაც აქვს და ვახტანგ წერეთლის ტელეფონში ინახება.
"TV პირველთან" მიმართებაში ზეწოლისა და მუქარის კონტექსტში სამთავრობო გუნდიდან ორმა გვარმა გაიჟღერა-ალექსანდრე ჯეჯელავა და დიმიტრი ქუმსიშვილი. რამდენადაც ცნობილია, წერეთელს ტელევიზიის 50 %-ს და მართვის უფლების გადაფორმებას სთხოვდნენ.
ვერსიით, რომელიც წინა კვირას აქტუალური იყო, ბიზნესმენი თემურ უგულავა წერეთელს ხელისუფლებამ შესთავაზა და არ დაუმალავს, რომ ასე უნდა შეცვლილიყო არა მხოლოდ მფლობელობა და მენეჯმენტი, არამედ სახეები და რაც მთავარია, ტონალობა, რომელიც "TV პირველმა" პირველი დღიდან აირჩია.
ამ ეტაპზე არხის მენეჯმენტი დუმს და ზეწოლის შესახებ განცხადებებს აღარ აკეთებს.