ვერ ხეობაში, მას შემდეგ რაც 13 ივნისის სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარემ თბილისს ტრაგედია მოუტანა, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა იგეგმება. ეს იმ ფონზე, როდესაც ტერიტორიაზე მშენებლობები საერთოდ დაუშვებელია.
ვერეს ხეობაში, სპორტულ მოედანზე, მშენებლობის ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა, თუმცა ერთი წლისთავზე, მისივე ადმინისტრაციის მიერ გაუქმდა. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში კი სასამართლოს მითითების საფუძველზე საკითხის ხელახლა შესწავლა დაიწყო. მშენებლობა შეჩერებული იყო და მოგვიანებით პროექტს, რომლის განხორციელება ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, კოეფიციენტი გაუზარდეს. შემდეგ მშენებლობის ნებართვაც მისცეს. კალაძის ადმინისტრაციამ ნარმანიას სამსახურის მიერ მიცემული უფლება გააუქმა, მაგრამ ორ თვეში თავისივე გაუქმებულ მშენებლობაზე ნებართვა ხელახლა გასცა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ საცხოვრებელ სახლებს მშენებლობის გამო ბზარები გაუჩნდა. გარდა ამისა, მრავალსართულიანი შენობის კედელი სინათლის წყაროსაც ზღუდავს.
ახალი მშენებლობა გაზგამანაწილებელი სადგურიდან რამდენიმე მეტრში იგეგმება. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მანქანა კორპუსთან შესაბამისად მიახლოებას ვერ შეძლებს. 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობით დარღვეულია ნორმები გამწვანებასთან მიმართებაშიც.
არქიტექტურის სამსახურის მონაცემთა ბაზაში ორი შეთანხმებული პროექტია.
ე.წ. ახალ გზაზე შეთანხმებული პროექტები სხვა რისკებსაც გულისხმობს. ის გარდაუვლად შეაფერხებს მოძრაობას მაგისტრალზე.