18 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ცხოვრება მიცვალებულებთან ერთად - ოჯახები, რომლებიც წლებია სასაფლაოზე ცხოვრობენ

ოჯახები, რომლებიც საცხოვრებელი სახლების დაკარგვის შემდეგ, სასაფლაოზე ცხოვრობენ. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ოჯახებმა ვარკეთილის ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოზე მდებარე ფიცრულებს შეაფარეს თავი და წლებია იქ ცხოვრობენ. იესაშვილების ოჯახში მოხუცი და სამი მცირწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. სასაფლაოზე მდგარ ფიცრულში, ოჯახმა ელექტროენერგია ერთი წლის წინ შეიყვანა, ქარის დროს სახლშიც ისევე ცივა, როგორც გარეთ. მუყაოსა და ბრეზენტისგან გაკეთებული ჭერი სითბოს ვერ ინარჩუნებს.

ოჯახს სამგორის გამგეობამ მერიის ბალანსზე არსებული ფართიდან ქირის სანაცვლოდ გასვლა შესთავაზა, თუმცა ოჯახი ამაზე უარს ამბობს, მთავრობას არ ენდობა.

იესაშვილების მსგავსად, ვარკეთილის სასაფლაოსთან ორი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი აფხაზეთიდან დევნილი ფატი ჯალაღონიაა. ის ოცი წელია საკუთარი ჭერის მოლოდინშია.

ზვიად ზურაბიშვილი „დამპალოს“ სასაფლაოს კიდევ ერთი მკვიდრია. კახეთიდან აქ მას შემდეგ დასახლდა, რაც სახლი ვალის გამო დაკარგა.

მამასთან ერთად, რკინის ვაგონში ცხოვრობს, დედა ორი თვის წინ გარდაეცვალა და სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ელექტროენერგიის, წყლის და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე ზურაბიშვილები უკვე 4 წელია ცხოვრობენ.

ავტორი: ნანა სისვაძე. 

დღის ამბები