აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
ასევე სამოქალაქო სექტორი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, უზრუნველყოს გამოძიების პროცესში საერთაშორისო გამომძიებლების/ექსპერტების მონაწილეობა.
განცხადებაში, რომელსაც ხელს 34 ორგანიზაცია აწერს ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან 9 თვე გავიდა, საზოგადოება არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე.
განცხადებაში ასევე საუბარია გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული სერიოზული ხარვეზებზე.
"აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მოლოდინის მიუხედავად, პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ასუსტებს.
1. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისთანავე აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცება საქართველოს ტერიტორიიდან ორგანიზებულად, სავარაუდოდ საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტების დარღვევით, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის გადაცემა მხოლოდ 2017 წლის 20 ივლისს, თითქმის 2 თვის დაგვიანებით მოხდა.
საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მტკიცებულებების, მათ შორის,ვიდეო ჩანაწერების მოპოვება, სწორედ შსს-მ მნიშვნელოვანი ხარვეზებით განახორციელა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული გამტაცებლების გადაადგილების მარშუტზე თბილისიდან ლაგოდეხამდე არსებული კერძო ობიექტების ვიდეო ჩანაწერები, ხოლო ამავე პერიმეტრზე არსებული შს სამინისტროს ვიდეო კამერები, მოწმის ჩვენების მიხედვით გათიშული იყო. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, არ ფუნქციონირებდა სასაზღვრო-საემიგრაციო პუნქტ „ცოდნაზე“ (ლაგოდეხი) გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩამწერი მოწყობილობა. შსს-ს მიერ საქმისთვის ყველაზე არსებითი და პირდაპირი მტკიცებულებების არასათანადოდ მოპოვება, მთლიანობაში გამოძიების არაობიექტურობისა და არაეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აძლიერებს.
მეტიც, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მაუწყებელი პროექტისა (OCCRP) დატელე-არხი „რუსთავი 2“-ისჟურნალისტებთან ჩაწერილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც აფგან მუხთარლისგატაცებასდამოუკიდებლადიძიებდნენ, მიუთითებს ეჭვზე, რომ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა წაშალეს კერძო კამერებით ჩაწერილი მასალა. [1]
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ ვარაუდს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა, რომელიც თითქმის უაპელაციოდ იმეორებდა საქმეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას, და უგულვებელყოფდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლის პოლიტიკური დევნისა და მისი დაკავების ინტერესის გარემოებას.
მთლიანობაში, გამოძიების საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტის დარღვევამ, არსებითად შეამცირა საქმეზე სიმართლის დადგენისა და რეალური გამოძიების შესაძლებლობა,"-ნათქვამია განცხადებაში.