შრომითი უსაფრთხოების მიზნით დაგეგმილი რეგულაციების შესახებ პარლამენტში მსჯელობა გრძელდება. კანონპროექტი დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებების დაცვის მიზნით მომზადდა.
უკვე ცნობილია, რომ კონკრეტულად თბილისში სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათასიდან 30 ათას ლარამდე დაწესდება.
გავრცელდება თუ არა ეს სანქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჯერ უცნობია. კანონპროექტს დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტში განიხილავენ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ შეიქმნას ერთიანი მარეგულირებელი სივრცე, რათა ქალაქებისა და სოფლების დაგეგმარება იყოს მოქცეული ერთიან სტანდარტებში.
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მხოლოდ სანქციები პრობლემას ვერ მოაგვარებს და საჭიროა მოქმედი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მუშაობა.
,,ეს არის დაწყებული ბაზარზე მოქმედი მუშახელის განათლებიდან, სერთიფიცირების პრობლემა, უსაფრთხოების სტანდარტი, ამის გარეშე ნებისმიერი ძალისხმევა იქნება უნაყოფო“- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ნიკა ვაჩეიშვილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე კი ფიქრობს, რომ ზედმეტი რეგულაცია სამუშაო ადგილების პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
,,ზედმეტი სიმკაცრე, ზედმეტი რეგულაცია არ არის გამართლებული. ეს დააზარალებს, როგორც სამუშაო ადგილებს, ასევე ყველა სამშენებლო კომპანიას, რომელიც ამ ბაზარზე მოქმედებს“- აცხადებს გოკა გაბაშვილი.