,,112“-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე. პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინეს.
,,112“-ის ახალი პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.
,,მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში მართლწესრიგი იყოს კიდევ უფრო ნდობით და მაღალი ხარისხით აღჭურვილი.“- განაცხადა შს მინისტრმა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მუნიციპალური სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კახა კალაძის თქმით, პროგრამის განხორციელების შემდეგ ასევე იგეგმება თბილისში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შემოყვანა და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც მუნიციპალურ მომსახურებას მოქალაქეებისთვის ბევრად ეფექტურსა და ოპერატიულს გახდის.
,,ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის მუნიციპალური სისტემების გაუმჯობესება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროგრამას, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიეცათ საშუალება, რომ მათ ჰქონდეთ სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია, თუ სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები და ოპერატიულები“- განაცხადა კალაძემ.