18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
თბილისის მერია დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას იწყებს - კახა კალაძე კერძო ინვესტორებს მიმართავს

10 ლოკაცია მიწისქვეშა პარკირებისთვის. თბილისის მერია დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც კახა კალაძემ კერძო ინვესტორებს მიმართა ორი თვის განმავლობაში შეიტანონ განაცხადი.

კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება.

გარდა ამისა, პირველი მარტიდან ამოქმედდება საპილოტე პროგრამა ვაკეში, სადაც ნაგვის ნარჩენების გატანა ღამის 10 საათიდან დაიწყება და კიდევ ერთი სიახლე სამარშრუტო მიკროავტობუსებს ეხება. 14 ქუჩაზე გამოიყო სპეციალური ადგილები, სადაც გაჩერებას შეძლებენ.

„მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელი იქნება 60 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც იქნება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. მათ ექნებათ გარკვეული ვადა შეისწავლონ. პირველ რიგში უნდა ჩაატარონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და პროექტის განხორციელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად დადგინდება მისი მიზანშეწონილობა. აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილზე დამონტაჟდეს სპეციალური დამტენები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასთან დაკავშირებით, განცხადება თბილისის ვიცე-მერმაც ირაკლი ხმალაძემ.

„გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ საკუთარი სახსრებით განახორციელონ არა ნაკლებ 180 ადგილიანი მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამაზე საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები