განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმ სტუდენტებს მიმართავს, რომელთა უნივერსიტეტებსაც ავტორიზაცია შეუჩერდათ. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იწყება მობილობის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ავტორიზებულ უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.
"მინდა, პირველ რიგში მივმართო ავტორიზაცია შეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი (მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის) და მათ საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ ამ მობილობით გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში,""- განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს პროგრამა არ ეხება "ჯიპას,“ რადგან ამ შემთხვევაში არ მომხდარა ავტორიზაციის შეჩერება, არამედ აქ პროგრამების აკრედიტაციის პრობლემა შეიქმნა.
"არანაირი პოლიტიკური სარჩული ამას არ გააჩნია. მას უწევდა აკრედიტაცია. უფრო სწორად, იმ პროგრამას გასული ჰქონდა აკრედიტაციის ვადა "ჯიპამ“ დაგვიანებით შეიტანა განაცხადი იყო მთელი რიგი შენიშვნები, მაგრამ დღეს არის სწორედ პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს სხდომა და იქ მოხდება ამის განხილვა. აკრედიტაციის პროცესი და ავტორიზაციის პროცესიც არანაირად არ არის სადამსჯელო პროცესი, აქ ამოსავალი წერტილი არის მაღალი ხარისხი“-განაცხადა ჩხენკელმა.