ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. არხის თანამშრომლები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის მფლობელების ბიზნესზე ზეწოლის გზით, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე საუბრობენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი დღეს მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ დასკვნებს.
„დღეს მოვედით იმისთვის რომ მოვუსმინოთ ჟურნალისტებს. პირველ რიგში გვაინტერესებს რა ზეწოლაზე საუბრობენ ისინი. რა არგუმენტები აქვთ, რა მოხდა რეალურად ამ ტელევიზიაში. და ამის მერე ჩვენ უკვე გავაკეთებთ შეფასებებს. ის რომ რამდენიმე მაუწყებელი უკვე ჩივის გარკვეულ ზეწოლებთან, გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, აჩვენებს იმას, რომ მედია გარემოში საქართველოში პრობლემები კვლავაც რჩება და ეს პრობლემები არ არის საკმაოდ ზედაპირული,“-განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.
შეხვედრას ესწრება ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” პროგრამების დირექტორი. ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ არხზე მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს „TV პირველის“ შემთხვევას.
„ფონი საკმაოდ რთულია ჩვენი აზრით. ის რაც დაკავშირებული იყო „ტვ პირველთან“, რაღაც დონეზე, ახლა რაც იბერიის შემთხვევაში გაჟღერდა რაღაცნაირად ჰგავს თითქოს ერთმანეთს. თუმცა ამას სჭირდება უფრო მეტი კვლევა,“-განაცხადა ლევან ავალიშვილმა.