18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ზეწოლა ტელეკომპანია "იბერიაზე" - ჟურნალისტების მტკიცებით, ხელისუფლება არხის ძირითად დამფინანსებელ "ომეგა ჯგუფს" აკოტრებს

ზეწოლა ტელეკომპანია "იბერიაზე" - ტელეკომპანიის ჟურნალისტები უკვე მეორე დღეა ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლება არხს ფინანსურ პრობლემებს განზრახ უქმნის და დაფინანსების წყაროებს უკეტავს.

არხის თანამშრომლები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ჟურნალისტები ხელისუფლებას სთხოვენ გამოიძიოს თუ ვისი გადაწყვეტილებით ჩავარდა არხი უმძიმეს ფინანსურ კრიზისში.

ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლების განცხადებას, პრემიერის მწვავე პასუხი მოჰყვა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების განცხადება შანტაჟად მიიღო.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“ რომლისთვისაც მიყენებული 100 მილიონიანი ზარალი სასამართლომაც აღიარა.

"ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის მტკიცებით, დემპინგური ფასებით "ომეგა ჯგუფი" კრიზისამდე ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორებმა მიიყვანეს და ხელისუფლებამ სწორედ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.

ტელეკომპანია "იბერია"-მდე ხელისუფლებისგან ზეწოლის შესახებ განცხადება „ტვ პირველმაც“ გააკეთა. არსებული ინფორმაციით არხის მფლობელს ვახტანგ წერეთელს წილის 50 % დათმობას სთხოვდნენ. სანაცვლოდ კი ბიზნესში შემქნილი პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდნენ.

აღნიშნულ საკითხზე სტატიას „ნეტგაზეთმაც“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ სწორედ 10 თებერვალს, ბიზნესმენმა თემურ უგულავამ პირველის მფლობელის- ვახტანგ წერეთლისგან ერთ მილიონ ამერიკულ დოლარად შპს “ს ინვესტის” წილის 50% შეიძინა. დანარჩენი 50% -ს მფლობელი კი უცვლელი დარჩა – ის ბიზნესმენი თენგიზ ფერაძეა.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, თენგიზ ფერაძეს ნათესაური კავშირი აქვს როგორც თემურ უგულავასთან, ისე – ვახტანგ წერეთელთან. სტატიის ავტორი ამბობს, რომ გარიგება შეეხო კიდევ ერთ კომპანიას, რაშიც თემურ უგულავამ 3 მილიონი დოლარი გადაიხადა; ამ გარიგებებიდან მეორე დღეს, 11 თებერვალს კი ვატო წერეთელმა არასამთავრობოებს უთხრა, რომ თემურ უგულავასთან ყველა სადავო ბიზნესზე მორიგდა და მასთან არაფერი აკავშირებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები