დიდუბეში ძლიერ ხანძარს მეხანძრე-მაშველების 18 ბრიგადა საათის განმავლობაში ებრძოდა. ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა როგორც „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი, ცეცხლი ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ლეიბების საწყობიდან გავრცელდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.
ხანძრის დროს შენობაში მუშები იმყოფებოდნენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, სასაწყობე ტერიტორიაზე რკინის საამქროს სამუშაოები გახდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ძლიერი ალი ლეიბებსა და მატრასებზე ლითონის გადამუშავების დროს გავრცელდა.
ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე რკინის საამქროსა და რბილი ქსოვილების საწყობს ერთმანეთისგან მხოლოდ თუნუქის ფურცლები ჰყოფს. ცეცხლის აალებიდან მალევე, მუშები ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
შენობაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, სხვადასხვა პროდუქტის საწყობია, თუმცა ხანძარი სხვა ტერიტორიებზე აღარ გავრცელებულა. მაშველებმა მუშაობის შედეგად, მხოლოდ პროდუქციის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.