18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
კორუფციული გარიგებების სქემა - მესამე სექტორი და ოპოზიცია გზების დეპარტამენტში საეჭვო გადაადგილებებზე ალაპარაკდნენ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საკადრო ცვლილებები უწყებაში და უწყებასთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი ტენდერები შესაძლოა ახალი ხმაურის მიზეზი გახდეს.

სამოქალაქო სექტორი სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ღია ეჭვებს გამოთქვამს. ეჭვის საფუძველი კი სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების იმ კომპანიების მენეჯმენტში დასაქმებაა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გზების მშენებლობებს ახორციელებენ.

მათ შორის არის გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამი მოადგილე ზაზა სიმონია, ირაკლი ხერგიანი და გივი ჩოჩია, რომლებიც ახლა იმ კომპანიის თანამშრომლები არიან, ვინც გზების დეპარტამენტის დაკვეთით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

კორუფციულ გარიგებაზე ეჭვს არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთი საკადრო გადაადგილება უჩენს.

ორი თვის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პაატა აბუთიძე დაინიშნა, ის სახელმწიფო სამსახურში კერძო სექტორიდან გადმოვიდა და მაღალი ხელფასი დაბალ ანაზღაურებაზე გაცვალა. ამ საკადრო ცვლილებას კი წინ უძღოდა ტენდერი, სადაც პაატა აბუთიძის ხორვატულმა კომპანიამ 20 მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

სატენდერო კომისიის წევრების, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებში გადასვლა, კითხვის ნიშნებს იწვევს ოპოზიციაშიც, რომელმაც შესაძლო კორუფციული სქემების გაშიფვრაზე დაიწყო მუშაობა.

საკითხზე ხმაურიანი განცხადებები, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს პარლამენტში გააკეთა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ კერძო კომპანიები პროფესიონალ კადრებს ეძებენ და კორუფციულ სქემებთან შეხება არ აქვთ. გზების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ მიმდინარე პროცესით კანონი არ ირღვევა.

დღის ამბები