თბილისში რამდენიმე ბიბლიოთეკის დახურვა იგეგმება. ბიბლიოთეკების თანამშრომლები თბილისის მერიას უპირისპირდებიან. მათი თქმით, დედაქალაქში 33 ბიბლიოთეკიდან მერია მხოლოდ 12 ან 13 ბიბლიოთეკის დატოვებას აპირებს. ბიბლიოთეკარების მტკიცებით, იმ ტესტირების ჩაბარებას, რომელსაც მერია ჩაატარებს უმრავლესობა ვერ შეძლებს, რასაც მათი სამუშაო ადგილები შეეწირება. საკითხზე სასაუბროდ ბიბლიოთეკის თანამშრომლები დღეს საკრებულოს წევრებთან შეხვედრას გეგმავენ.
"ვიყავით მერის მოადგილესთან. მინიშნებები იყო, რომ ეს ბიბლიოთეკები ძველია, ცუდ მდგომარეობაშია და ეს ბიბლიოთეკები უნდა გაუქმდეს. უფრო ფართების ამბავია. როცა ფართები აღარ იქნება, თანამშრომლებიც შემცირდება. შეიძლება ბიბლიოთეკების გაუქმება?“-ამბობს მე-19 ბიბლიოთეკის გამგე, ირინა კეჭაძე.
თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკების არა დახურვა, არამედ მოდერნიზაცია იგეგმება.
"გვჭირდება კვალიფიციური კადრები. მათ აუცილებლად მოუწევთ ტესტირება. თითოეული თანამშრომელი გადამზადდება ერთი თვის მანძილზე. ერთი თვის შემდეგ მოხდება ტესტირება. ვინც გადალახავს ტესტირებას აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი მოხვდება ახალ აიპიში“- აცხადებს სოფო ხუნწარია.