18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
რეორგანიზაცია ბიბლიოთეკებში-ოპოზიცია მერის მოადგილეს საკრებულოში იბარებს

თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების უმრავლესობა შესაძლოა დაიხუროს. ბიბლიოთეკარები შიშობენ, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი ბიბლიოთეკების რაოდენობის განახევრებაა, რასაც სავარაუდოდ შემცირებებიც მოჰყვება. ცვლილებების მიხედვით, უქმდება თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება. მის ნაცვლად კი ახალი აიპ-ი იქმნება. რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილია თავად ბიბლიოთეკარების ტესტირებაც, რაც ეჭვებს შემცირებებთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს. ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკარები თბილისის მერიის წარმომადგენლებს და საკრებულოს ოპოზიციის  წევრებს შეხვდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების ნაწილმა გამოთქვა პრეტენზია იმ ტესტირებაზე, რომელიც რეორგანიზაციის ფარგლებში მერიამ დაგეგმა. ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ დამადასტურებელი საბუთები მათი კვალიფიკაციის შესახებ და დამატებით გადამზადებას არ საჭიროებენ. ბიბლიოთეკარების ინფორმაციით 36 ბიბლიოთეკიდან დედაქალაქის მერია 15-ს დატოვებს.

„უნდათ მთელი ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია. ანუ 15 უნდა დარჩეს და ეს 20 ალბათ შეკვეცილი იქნება. თანამშრომლები ავტომატურად დარჩებიან სამსახურის გარეშე,“-განაცხადა მე -60 საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორმა ლია კვინიკაძემ.

ბიბლიოთეკარებთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია საკრებულოში კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს, მერის მოადგილეს სოფო ხუნწარიას იბარებს.

"რატომ გადაწყვიტეს რომ მაგალითად კონკრეტულ მერის მოადგილეს სოფო ხუნწარიას უფრო მეტი კვალიფიკაცია აქვს და მან  უნდა განუსაზღვროს ვის უფრო მეტი კვალიფიკაცია აქვს და ვინ უნდა გადაამზადოს ეს ადამიანები და საერთოდ რას ემსახურება ეს ყველაფერი, რას ემსახურება ამ ადამიანების ქუჩაში დატოვება,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა. 

დღის ამბები