18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი საჩივარი"-საზმაუს ბორდი ეთიკური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ზვიად რატიანის საჩივარს განიხილავს

პოეტი ზვიად რატიანის საჩივარს განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დასრულდა, საბჭო ახლა გადაწყვეტილების მისაღებად თათბირობს. საქმე ეხება, ნასვამი ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებას. თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სადავო მასალა ვებ-გვერდიდან წაშალა, თუმცა დარღვევას მენეჯმენტი დღემდე არ აღიარებს. რატიანი მოითხოვს, რომ მომხდარს სათანადო შეფასება მიეცეს.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ შემთხვევაში სამეურვეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება ვფიქრობთ რომ შეუძლებელია, ვინაიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ცალსახად არის დარღვეული ისევე როგორც სხვა დანარჩენი უფლებები და თუ ის არ გასცდება საჩივრის შინაარსს და იმსჯელებს მის სიუჟეტში გავრცელებულ  ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდა თუ არა დარღვევა, ვფიქრობთ რომ უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი საჩივარი,“-განაცხადა საიას იურისტმა მარიამ გოგისაშვილმა, რომელიც ზვიად რატიანის უფლებებს იცავს.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი კი მიიჩნევს, რომ საჩივრის დაკმაყოფილება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებში შედის. ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების ჭრილში უნდა განიხილავდეს მსგავს ფაქტებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვქონდეს ძლიერი თვითრეგულირება. იმიტომ, რომ ძლიერი თვითრეგულირება თუ არ გვექნება აუცილებლად გვექნება ძლიერი რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან. ეს უნდა ესმოდეს ყველა მაუწყებელს და ყველა მაუწყებლის ინტერესში უნდა შედიოდეს ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესება,“-განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მათ მოვალეობებს ახსენებს „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო.“ ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ ბორდის წევრებს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ. 

დღის ამბები